ზრდასრულთა განათლება ტრანსფორმირებად ქვეყნებში
03 ნოემბერი, 2011
2199
print

რეალობა და პერსპექტივები

"ზრდასრულთა განათლება და საზოგადოების ტრანსფორმაცია" იყო თემა 20-21 ოქტომბერს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს ფილიალის და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ეგიდით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციისა, რომელსაც ზრდასრულთა განათლების ადგილობრივ პროვაიდერებთან ერთად გერმანიიდან, სლოვენიიდან, სერბიიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი ზრდასრულთა განათლებაზე ევროპული ხედვის და გამოცდილების გაცნობა-გაზიარება გახლდათ საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფი ქვეყნებისათვის, რომელთა შორისაც არის საქართველო. ამიტომ გაჩნდა მისი თბილისში ჩატარების იდეა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ და ევროპის ზრდასრულთა განათლების ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა კიდეც. კონფერენციას კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი ირინე ხანთაძე უძღვებოდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დღეს ზრდასრულთა განათლება ტრანსფორმირებად ქვეყნებში და რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის ევროპული გამოცდილების და რეკომენდაციების გათვალისწინება. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აგრეთვე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი თეა გულუა, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლალი სანთელაძე და მუშაობაში წარმატებები უსურვეს მათ. შემდეგ სიტყვა უცხოელ სტუმრებს, ევროპული ზრდასრულთა განათლების ცნობილ ექსპერტებს გადაეცათ, რომელთა მოხსენებები ზრდასრულთა განათლების ქართველი პროვაიდერებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღები და საინტერესო გახლდათ.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის დირექტორის მოადგილის და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის (EAEA) ვიცე-პრეზიდენტის უვე გარტენშლეგერის გამოსვლა ზრდასრულთა განათლების როლსა და მნიშვნელობასთან ერთად გერმანიის და ზოგადად ევროპის ზრდასრულთა განათლებაში დღეს არსებულ ტენდენციებს და მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. მისი თქმით, ეს ტენდენციები ძირითადად ერთნაირია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის, თუმცა ის ქვეყნები, რომლებიც ბოლო 20 წლის მანძილზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას გადიან, ბევრად მეტ პრობლემებს აწყდებიან. აქედან გამომდინარე, ზრდასრულთა განათლების როლიც მათში მეტ დატვირთვასა და მნიშვნელობას იძენს. და მაინც რა არის ზრდასრულთა განათლება და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იგი? - დასვა კითხვა თავის მოხსენებაში ბატონმა გარტენშლეგერმა და პასუხიც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით განავრცო. მათ შორის საინტერესო გახლდათ ფინეთში ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგმაც აჩვენა, რომ ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ადამიანების ბედნიერების ინდექსი ბევრად მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც ფორმალური განათლების ასაკიდან გამოსვლის შემდეგ დამატებითი განათლება აღარ მიუღიათ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება უჭირთ. დიდ ბრიტანეთში ხანდაზმულთა შორის ჩატარებული კვლევის თანახმად კი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართული მოხუცები უფრო ჯანმრთელები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი პასიური თანატოლები. ანუ საკითხი დგას ასე - ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდებათ იყვნენ რეალიზებულნი, მოტივირებულნი და აქედან გამომდინარე, ბედნიერნი - ვინ და როგორ ზრუნავს მათზე? რას სთავაზობს სახელმწიფო ასეთ ადამიანებს და რა შეუძლია მისცეს ზრდასრულთა განათლებამ მათ? ამ ადამიანთა უმეტესობას ადრეულ ასაკში მიღებული აქვთ სათანადო განათლება და შესაძლოა თავისი საქმის კარგი სპეციალისტებიც არიან, მაგრამ უსწრაფესად განვითარებული ცხოვრების მოთხოვნებს თავიანთი ცოდნით ვეღარ აკმაყოფილებენ. მათ აქვთ გამოცდილება, ენერგია, სურვილი დაეუფლონ ახალს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შრომით ბაზარზე დღეს არსებული სტანდარტების შესაბამისი უნარები ჰქონდეთ; არიან აგრეთვე ადამიანები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღეს განათლება და ვერც რაიმე პროფესიას ან ხელობას ფლობენ, მაგრამ აქვთ ოჯახები, სჭირდებათ სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება - რა შანსები აქვთ ასეთ ადამიანებს, სად მიიღონ მათთვის საჭირო განათლება, როგორ დაეუფლონ უნარებს, რომლის გარეშეც საზოგადოებაში თავის დამკვიდრება უჭირთ? - აი, ასეთი ადამიანების მხარდასაჭერად არის მოწოდებული ზრდასრულთა განათლება, ასეთი მნიშვნელოვანი მისიის მატარებელია იგი და ამ მისიის შესასრულებლად ზრდასრულთა განათლების პროვაიდერებს ერთმანეთის გამოცდილებასთან ერთად სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურების თანადგომა სჭირდებათ. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად ზრდასრულთა განათლება განიხილება როგორც პროფესიული განათლების გაგრძელება და გვაძლევს საშუალებას უკეთესი შედეგები მივიღოთ შრომით ბაზარზე, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან, პროდუქტიულობასთან. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად ზრდასრულთა განათლების განვითარების მიხედვით საქართველო მიეკუთვნება მეორე ჯგუფის ქვეყანათა რიგს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემდეგ და წინ უსწრებს აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელორუსიას. ევროპული გამოცდილება გვასწავლის, რომ საჭიროა ზრდასრულთა განმანათლებლებმა ჩამოაყალიბონ საკუთარ ქვეყანაზე და საზოგადოებაზე მორგებული და კონკრეტულად გაწერილი სტრატეგია, რომელიც სახელმწიფოს და ბიზნესსტრუქტურებს დაარწმუნებს ზრდასრულთა განათლების საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და კომერციულ ღირებულებებში.

დამატებითი რეკომენდაციების სახით ბატონმა გარტენშლეგერმა მეტი კომუნიკაბელობა და კვლევები შესთავაზა ქართველ კოლეგებს. ევროპის ზრდასრულ განმანათლებლებთან ხშირი კონტაქტი, მათი გამოცდილების, მიღწევების გაზიარება საშუალებას მოგვცემს ბევრი პრობლება ადგილებზე ნაკლები ძალისხმევით გადაწყდეს. კვლევების ჩატარება და ადგილობრივი საგანმანათლებლო თუ შრომითი ბაზრის საფუძვლიანად შესწავლა კი დაარეგულირებს ცოდნის მოთხოვნა-მიწოდების საკითხს, რაც დღევანდელ რეალობაზე უფრო მორგებულს და ეფექტურს გახდის ზრდასრულთა განმანათლებლების საქმიანობას. ასეთი კვლევები საკმაოდ "ძვირი სიამოვნებაა", რომლის შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, ქართულ ზრდასრულთა განათლებას დღეს არა აქვს, მაგრამ კვლევების გარეშეც - არასწორად, არამიზნობრივად გაცემული ცოდნა წყალში გადაყრილი შრომა და ხარჯია.

გერმანელი ექსპერტის გამოსვლას დარბაზიდან კითხვები მოჰყვა, რომლებიც როგორც ზოგადად იდეის, ასევე თემის განვითარების კონკრეტულ საკითხებს შეეხებოდა ევროპაში.

შემდეგი გამომსვლელი კონფერენციაზე სლოვენიის წარმომადგენელი, სლოვენიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის მრჩეველი პიტერ ბელტრამი გახლდათ, რომელმაც თავისი მოხსენება მშობლიური ქვეყნის შესახებ მცირე ექსკურსით დაიწყო. სლოვენიაც, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ტრანსფორმირებადი ქვეყნების მსგავსად, იგივე პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მან შეძლო შეენარჩუნებინა ძირითადი ბერკეტები განათლების სფეროში და თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად გარდაექმნა იგი. პროცესი კვლავაც გრძელდება და ზრდასრულთა განათლების როლიც მასში თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენს.

- განათლების ინდექსი სლოვენიაში, საზოგადოდ, მაღალია, თუმცა ჩვენი მოსახლეობა ასაკოვანი ხდება და ის გამოწვევებიც, რომელთაც ზრდასრულთა განათლება პასუხობს, მეტ აქტუალობას იძენს - აღნიშნა თავის გამოსვლაში პიტერ ბელტრამმა. ამიტომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ზრდასრულთა განათლებისადმი, მისი მნიშვნელობისადმი ქვეყანაში, შესაბამისად ადექვატური და კოლეგიალურია. ზრდასრულთა განათლება სლოვენიაში სახელმწიფოს მიერ განათლების სისტემის ნაწილადაა აღიარებული და გამყარებულია კანონით. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ კანონზე ფიქრი, ხელისუფლებამ თავისი ხარჯებით მოიწვია საუკეთესო ექსპერტები და დააფინანსა აუცილებელი კვლევები. მათ შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ქვეყნის განათლების სისტემის და, კერძოდ, ზრდასრულთა განათლებისათვის, რაც დეტალურად გაიწერა ე.წ. "თეთრ წიგნში". მათ საფუძველზე 2004 წელს ზრდასრულთა განათლების შესახებ მიღებულ იქნა კანონი, რომელმაც ინსტიტუციონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იურიდიული და ფინანსური საკითხები დაარეგულირა. 2007 წელს კანონში ცვლილებები შევიდა და ის ხარვეზები აღმოფხვრა, რომელიც რეალობამ კანონის მიღების შემდგომ დაგვანახა. ზრდასრულთა განმანათლებლების მიერ ყოველწლიურად გაწერილი გეგმის მიხედვით ხელისუფლება ზრდასრულთა განათლებაში მთელი რიგ პროგრამებს აფინანსებს, თუმცა არის პროგრამები, რომელთათვისაც დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება გვჭირდება.

საკანონმდებლო ბაზის გარდა სლოვენიის ზრდასრულთა განათლებაში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გამართული საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურია, სადაც თავს იყრის საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე არსებული მონაცემები. მათი ცოდნა განათლების მოთხოვნა-მიწოდების საკითხის სწორად განსაზღვრას უზრუნველყოფს. ცენტრი კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს ზრდასრულებს, რათა საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორად შეარჩიონ პროფესია და ის ცოდნა მიიღონ, რაც რეალურად წაადგებათ.

პიტერ ბელტრამის რჩევაც ქართველი კოლეგებისადმი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად მკაფიოდ ჩამოყალიბებული და კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი როგორც ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობა და სარგებელი ქვეყნისათვის, ისე ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები სფეროში.

კონფერენციას სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან სომხეთის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის გამგეობის წევრი არამ ავაგიანი ესწრებოდა, რომელმაც თავის გამოსვლაში სომხეთის ზრდასრულთა განათლების მდგომარეობა მიმოიხილა. მომხსენებლის თქმით, მათ წინაშეც რეგიონისთვის იდენტური პრობლემები და გამოწვევებია. მათაც არა აქვთ კანონი ზრდასრულთა განათლების შესახებ, თუმცა არსებობს ცალკეული აქტები და საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ძირითადად პროფესიული განათლების კონტექსტშია მიღებული. სწორედ მათი საშუალებით რეგულირდება ზრდასრულთა განათლების საკითხები დღეს სომხეთში. ყველაზე დიდი პროვაიდერი ქვეყანაში dvv international-ია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ახორციელებს აქტივობებს. ადგილობრივი პროვაიდერები უმეტესწილად კომერციული სტრუქტურები არიან, რომლებიც საკუთარი თანამშრომლების გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აფინანსებენ ტრენინგებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისინი 8 000-მდე ზრდასრულმა გაიარა და მათი ღირებულება 100-დან 300 დოლარამდეა. ბატონი არამი თვლის, რომ ცალკეული საკანონმდებლო აქტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა და ზრდასრულთა განათლების შესახებ სპეციალური კანონის მიღება ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას სომხეთში. ევროკავშირის ქვეყნების ზრდასრულთა განმანათლებლებთან კონტაქტი და მათი გამოცდილების, მიღწევების გაზიარება კი საშუალებას მისცემთ ნაკლები ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან წარმატებისკენ.

აზერბაიჯანული ზრდასრულთა განათლების შესახებ ზოგადი მიმოხილვა dvv international-ის სათაო ოფისის წარმომადგენელმა ლევან კვაჭაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, 2008 წელს ქვეყანაში იყო მცდელობა ზრდასრულთა განათლების შესახებ კანონის მიღებისა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს მცდელობა პარლამენტის პირველი მოსმენით დასრულდა. დღეისათვის ქვეყანაში არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო აქტი და პოლიტიკური დოკუმენტი (მაგ. "ნაციონალური დასაქმების სტრატეგია", "მასწავლებელთა მუდმივი პროფესიონალური დახელოვნების სტრატეგია", "სახელმწიფო მოხელეთა გადამზადების პროგრამა"), რომლებიც გარკვეულწილად არეგულირებს ზრდასრულთა განათლების საკითხებს, დაფინანსება კი საჯარო სახსრებიდან ხდება. გამოწვევები და პრობლემები აქაც იგივეა: პრაქტიკულად არ ტარდება კვლევები და ამდენად, არც სათანადო სტატისტიკა არსებობს; ტრენერთა გადამზადება არასამთავრობო სექტორის ხელშია და სახელმწიფოს მხრიდან აღიარებით ვერ დაიკვეხნის; განუვითარებელია პროფორიენტაციის და კონსულტირების სისტემაც, ხოლო ძირითად აქტივობებს ქვეყნის ზრდასრულთა განათლებაში აქაც dvv international-ი ახორციელებს საერთაშირისო პროექტების ფარგლებში.

ჩვენი ქვეყნის ზრდასრულთა განათლებაში არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ კონფერენციაზე საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა გულუამ ისაუბრა. ზოგადი მომოხილვის შემდეგ იგი ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის, საკანონმდებლო ბაზის და დაფინანსების საკითხებს შეეხო და მათი მოგვარებისთვის საჭირო მექანიზმებზე ისაუბრა. პრობლემათა შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ფინანსური სტაბილურობის ნაკლებობა, განათლების აღიარების მექანიზმების არარსებობა, კვლევების სიმცირე და აქედან გამომდინარე, სტატისტიკისა და საინფორმაციო ბაზის უკმარისობა. ზრდასრულთა განათლებაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის განსაზღვრისთვის და შემდგომ ადექვატური პოლიტიკის შემუშავებისთვის აუცილებელ პირობად მომხსენებელმა მუდმივი სტატისტიკური აღრიცხვის დანერგვა მიიჩნია, ხოლო მნიშვნელოვან გამოწვევად - საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, ზრდასრულთა განათლების ერთიანი საინფორმაციო და საკონსულტაციო სისტემის (ქსელის) შექმნა და ანდრაგოგიკის, როგორც მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა.

კავკასიის რეგიონის ზრდასრულთა განმანათლებლების მოხსენებებს დისკუსია და კითხვები მოჰყვა დარბაზიდან, შემდეგ კი კონფერენციის პირველი დღის მეორე სესია პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო თემაზე -" ზრდასრულთა განათლების აქტუალური გამოწვევები და ეროვნული მიდგომები". თემასთან დაკავშირებით განისაზღვრა ტენდენციები და ჩამოყალიბდა რეკომენდაციები, რომელთა პრეზენტაციის შემდგომ კვლავაც დისკუსია გაიმართა.

კონფერენციის მეორე დღე საუნივერსიტეტო სივრცეებში ზრდასრულთა განათლების საკითხს დაეთმო. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესო იყო ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორის, ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის კატარინა პოპოვიჩის გამოსვლა. იგი ანდრაგოგიკას ასწავლის უნივერსიტეტში და იმ სამეცნიერო პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ანდრაგოგიკის, როგორც საგანმანათლებლო დისციპლინის განვითარებას ემსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი თეორიული ბაზა პრაქტიკოსი ზრდასრულთა განმანათლებლებისათვის და ახალი კადრების აღზრდისათვის სფეროში. შთამბეჭდავი მაგალითებითა და კვლევებით გაჯერებული მისი მოხსენება ევროპის უნივერსიტეტებში განათლების ტენდენციებს შეეხო, აგრეთვე ტრანსფორმირებად ქვეყნებში სწავლების თანამედროვე მეთოდებზე გადასვლის გზებსა და ფორმებს. ისაუბრა ზრდასრულთა განათლების მიმართულებით უნივერსიტეტებში გახსნილ სტუქტურულ ერთეულებზე, რომლებიც კომპლექსურ ცვლილებებს უნდა იწვევდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. მიზეზი აკადემიურ პროგრამებში თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი მოდელების ჩართვის ნაკლებობაა, ხოლო გამოსავალი - სწავლების ერთობლივი პროგრამებისა და მოდელების შემუშავება. კატარინამ სერბიული გამოცდილებიდან რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია მისცა ქართველ კოლეგებს - მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის და ეფექტური თანამშრომლობის საკითხში, წარმატების გარანტად კი მეტი აქტიურობა და მიზანდასახულობა მიიჩნია.

ქართული საუნივერსიტეტო რეალობიდან თემა განავრცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ცინცაძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ჩახნაშვილმა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის წევრმა ლელა აბდუშელიშვილმა. როგორც მათი გამოსვლებიდან გახდა ცნობილი, საუნივერსიტეტო სივრცეებში უწყვეტი განათლების დანერგვა ბოლონიის პროცესების გამოძახილია. და თუ იგი თავიდან ერთგვარად თავს მოხვეულად აღიქმებოდა, შემდეგ უნივერსიტეტებმა სათანადოდ გაიაზრეს განათლების ამ ფორმის მნიშვნელობა და სარგებელი მათთვის. გაითვალისწინეს შრომით და საგანამნათლებლო ბაზარზე დღეს არსებული ტენდენციები და მოთხოვნები და შესაბამისი კურსები შესთავაზეს მსმენელებს. შემოსული თანხით უნივერსიტეტები უწყვეტ განათლებაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებას და ზოგადად განათლების ამ სექტორის განვითარებას გეგმავენ. სწავლის მსურველთა რიცხვი თანდათან იზრდება და თუ ადრე მათი უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, ახლა გარედან მოსული მსმენელიც საკმაოდ ბევრია. როგორც ჩანს, უწყვეტი განათლება საუნივერსიტეტო სივრცეებში მომავლის სწავლების მნიშვნელოვან ფორმად იქცევა და თავის სიტყვას იტყვის როგორც უნივერსიტეტების, ისე ზრდასრულთა განათლების განვითარებაში.

კონფერენციის მომდევნო სესია კვლავაც პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო, რომლის მონაწილე ჯგუფების დავალება იყო "ზრდასრულთა განათლება თემის განვითარებისთვის". ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა დისკუსია: ზრდასრულთა განათლების და თემის განვითარების პროექტების შესახებ ისაუბრა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ პავლე თვალიაშვილმა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრებზე საქართველოში, მათი შექმნის, განვლილი გზის და მიღწევების შესახებ ძალზე შთამბეჭდავად მოუთხრო დამსწრეთ ამ ცენტრების დამაარსებელი dvv international- ის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელმა ლალი სანთელაძემ. მან არაერთი საგულისხმო მაგალითი მოიხმო იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეცვალა კონკრეტული ადამიანების უპერსექტივო, უიმედო ცხოვრება ცენტრთან სიახლოვემ, თემის მუშაობაში ჩართვამ და როგორ იქცნენ ეს ადამიანები საზოგადოების რეალიზებულ, წარმატებულ წევრებად. ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გააძლიერა ფილმმა, რომელიც სწორედ ასეთ მაგალითებზე დაყრდნობით ცენტრების შესახებ არის გადაღებული და რომელმაც კონფერენციის მონაწილეთა გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აგრეთვე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი გიორგი ტოკლიკიშვილი, "კავკასიური სახლის" წარმომადგენელი გიორგი შაიშმელაშვილი და "ქართლი XXI"-ის ხელმძღვანელი დავით წიქარიშვილი.

კონფერენცია ორდღიანი მუშაობის შედეგების შეჯამებით და სამომავლო ნაბიჯებზე რეკომენდაციების გაზიარებით დასრულდა.

რიტა ბაინდურაშვილი

ჩანართი გამოიცემა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო