AEAG მოლოდინის გამართლების გზაზე
13 სექტემბერი, 2011
1838
print

სწავლა სიბერემდეო - უთქვამთ.

სწორედ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეა დაედო საფუძვლად ზრდასრულთა განათლებას, რომელიც საუკუნეების წინ აღმოცენდა დასავლეთ ევროპაში და დღეს ფორმალური განათლების გვერდით საზოგადოებაში ცოდნის შეტანის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა. მის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ჩვენ უკვე გიამბეთ. გიამბეთ იმაზეც, თუ რა გზა გამოიარა მან საქართველოში და როგორია დღევანდელობა, რეალობა და პერსპექტივები მისი, რას შეიძლება მოელოდნენ ადამიანები განათლების ამ მოდელისგან და საზოგადოდ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად მას. თემაზე საუბარს კვლავაც განვაგრძობთ და ჩვენი სტუმარია საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (AEAG) აღმასრულებელი დირექტორი თეა გულუა, რომელიც ქართულ ზრდასრულთა განათლებაში ასოციაციის როლსა და მიზნებზე გვიამბობს.

- საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის შექმნა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international - ის სახელს უკავშირდება, რომლის ქართული წარმომადგენლობაც 2002 წელს გაიხსნა ჩვენში და უკვე თითქმის ათი წელია ემსახურება ქვეყნის ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას. თავად ტერმინიც - "ზრადსრულთა განათლება"- სწორედ მან დაამკვიდრა ჩვენს რეალობაში, რითაც კონკრეტულად, ცხადად განსაზღვრა განათლების ამ ფორმის შინაარსი და დღეს მის მიღმა ქვეყანაში ფორმალური განათლების გვერდით ცოდნის მიღების ყველაზე ალტერნატიული გზა მოიაზრება. გერმანული ასოციაციის ქართულმა ოფისმა განათლების ამ მოდელის ხელშეწყობასთან და პროპაგანდასთან ერთად მიზნად დაისახა კავშირი დაემყარებინა საქართველოში მოქმედ ზრდასრულთა განათლებით დაკავებულ ორგანიზაციებთან, რათა შექმნილიყო ერთიანი, გარკვეული არეალი, სივრცე, სადაც ყველა წარმოჩინდებოდა, ერთმანეთის მოღვაწეობას, საქმიანობას გაეცნობოდნენ და ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია და კონტაქტები ექნებოდათ. ამისათვის dvv international -ის ქართული ოფისი კონფერენციებზე იწვევდა მათ, ეწყობოდა ერთობლივი ფესტივალები, ღონისძიებები, შეხვედრები. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, რომელიც ამ საერთო სივრცის, არეალის აღქმას უფრო სრულს და რეალიზებულს გახდიდა, მოქნილად მოხერხდებოდა საერთო დღის წესრიგის, გეგმების შემუშავება და ორგანიზაციათა შორის კავშირიც გამყარდებოდა. 2004 წლის ბოლოს ზრდასრულთა ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ინიციატივითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international - ის ქართული ფილიალის მხარდაჭერით საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია დაფუძნდა და 2005 წლიდან დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელმაც 40-მდე ფიზიკური (განათლების ექსპერტები) და იურიდიული (ზრდასრულთა განათლების მიმწოდებლები) პირი გააერთიანა. ასოციაციამ იმთავითვე საკმაოდ სერიოზული და მე ვიტყოდი, ამბიციური მიზნები დაისახა, რაც ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და განვითარებაში მდგომარეობდა, რომელიც ქართული რეალობის შესატყვისი იქნებოდა და ქვეყანაში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებდა. ჩვენი საზოგადოების ეკონომიური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ზრდასრულთა განათლების ცენტრებში ადამიანები მოდიან იმიტომ, რომ გარკვეული, შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები აითვისონ, დასაქმდნენ და შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ. ამ რეალობის გათვალისწინება აუცილებელია. ჩვენ ვთვლით, რომ ზრდასრულთა განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის - ასაკის, სქესის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. თავისი მისიის შესრულებას ასოციაცია "სწავლა სიბერემდე"იდეის ლობირებით ცდილობს და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპითა და კონცეფციით ხელმძღვანელობს. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ზრდასრულთა განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ქვეყანაში და ამ ტიპის ორგანიზაციათა, მათი წევრების შესაძლებლობების განვითარებას. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი ამოცანაა, რომლის შესრულება არც 2005 წლის დამდეგს გვეჩვენებოდა იოლი, თუმცა უფრო სწრაფად მიღწევადი გვეგონა და მოლოდინიც ბევრად მეტი გვქონდა.

- ანუ მოლოდინი არ გამართლდა? რეალური ნაბიჯები ვერ გადაიდგა?

- არა, მთლად ასე არ არის, რა თქმა უნდა... ნაბიჯები გადაიდგა და საკმაოდ სერიოზულიც. ავიღოთ თუნდაც ასოციაციის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული "სტრატეგია - ზრდასრულთა განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონტექსტში", რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შევიმუშავეთ. იგი მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტია არა მხოლოდ ასოციაციის საქმიანობისთვის, ზრდასრულთა განათლებისთვის, არამედ საქართველოს განათლების სისტემისთვისაც ზოგადად. ჩვენ ვთვლით, რომ ზრდასრულთა განათლებით დაკავებული ორგანიზაციებისთვის ის ფუნდამენტური დოკუმენტია - ე.წ. პლატფორმა და მისი არსებობა მნიშვნელოვანი მონაპოვარია სფეროსთვის. მაგრამ ზრდასრულთა განათლების სათანადოდ განვითარებას, სრულყოფას და მდგრადობას უაცილებლად სჭირდება საკანონმდებლო ბაზით გამყარება, რათა იურიდიულად, კანონით დარეგულირდეს სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. ზრდასრულთა განათლება არ არის ასე ვთქვათ,"იაფი სიამოვნება", მას სერიოზული სახსრები სჭირდება და მხოლოდ დონორების იმედზე დატოვება არ შეიძლება. შესაძლოა დონორი დღეს სახავს ჩვენს ქვეყანაში მუშაობის პრიორიტეტებს, მაგრამ ხვალ სხვა ქვეყანა აირჩიოს. ხომ უნდა არსებობდეს დაფინანსების ალტერნატიული გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის საქმიანობა კვლავაც გავაგრძელოთ და განათლების ამ მოდელზე დამოკიდებული ადამიანები უპერსპექტივოდ არ დარჩნენ. ამისათვისაა საჭირო კანონიც და სახელმწიფოს თანადგომაც... ვთვლით, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და დღეს ჩვენ ამ მოლოდინის გამართლების გზაზე ვართ.

- თეა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ზრდასრულთა განათლებაზე გარკვეულწილად პირდაპირ არის მიბმული ადამიანთა დასაქმება, რაც, დამეთანხმეთ, უპირველესად, სახელმწიფოს საზრუნავია. როგორია მისი დამოკიდებულება განათლების ამ სფეროსადმი, თუ არსებობს გარკვეული თანადგომა, თანამშრომლობა თქვენს შორის?

- ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან, რის საუკეთესო მაგალითსაც სწორედ ზემოთ ნახსენები ერთობლივად შემუშავებული სტრატეგია წარმოადგენს. არის სხვა აქტივობებიც, რაც, ძირითადად ჩვენი ინიციატივით ხდება. ბევრად ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს მუნიციპალურ სამსახურებთან და ამას გასულ წელს თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებამაც შეუწყო ხელი. ამ ცვლილების თანახმად მუნიციპალიტეტებს უფლება ეძლევათ დააფინანსონ დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები, რაც მათ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პირობებს უქმნის. ასოციაციამ შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი "დასაქმება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები საქართველოში", რომელშიც მომავალი თანამშრომლობის გზები, რეკომენდაციები, დღემდე განხორციელებული ღონისძიებების კარგი მაგალითები და შედეგები ავსახეთ. ეს დოკუმენტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩავიტანეთ, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს გავაცანით და პერსპექტივევზეც ვისაუბრეთ. ამავე თემას მივუძღვენით სპეციალური კონფერენციაც, რომელზეც თანამშრომლობის კეთილი ნება და სურვილი მათაც გამოთქვეს და ეს მომავალში საქმიანი ურთიერთობების განმტკიცების იმედს გვისახავს.

- საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეის ლობირება ასოციაციის მთავარი საზრუნავია თუ არის კონკრეტული საგანმანათლებლო პროექტებიც, რომელშიც იგი პრაქტიკულად მონაწილეობს?

- ბუნებრივია, არის და მათგან განსაკუთრებით გამოვყოფ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international -ის საქართველოს ოფისთან ერთად 2006-2008 წლებში განხორციელებულ ევროკავშირის პროექტს "ზრდასრულთა განათლების ცენტრები - ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის შანსი საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ახალციხესა და ახალქალაქში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული მოდელის მიხედვით სათემო განათლების ცენტრები გაიხსნა. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა შენობები, მოხდა მათი რეაბილიტაცია და სასწავლო გარემოდ ფორმირება. ამ ცენტრებში ნებისმიერ მოქალაქეს პიროვნული განვითარების, ახალი კომპეტენციების, მისთვის სასურველი ხელობის, უნარების უფასოდ დაუფლება შეეძლო. 2009 წელს კი, პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრები ჩვენს ასოციაციას საკუთრებაში გადმოეცა და დღემდე ისინი იმავე პროფილით ფუნქციონირებენ. ამ პროექტით მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცა.

- ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის ფორმირებისა და განვითარების პარალელურად ჩვენი ამოცანა იმ ინსტიტუციების ხელშეწყობაცაა, რომლებიც საქართველოში ზრდასრულთა განათლებას ემსახურებიან. მათ წასახალისებლად, ზრდასრულთა განათლებაში მოღვაწე ადამიანების დამსახურების აღსანიშნავად შარშან ქართველი განმანათლებელი ქალის ანასტასია თუმანიშვილის სახელობის პრიზი დავაწესეთ, რომელსაც ერთ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს გამორჩეული წვლილისათვის ყოველწლიურად გადავცემთ. პრიზისათვის რომ ანასტასია თუმანიშვილის სახელი გვეწოდებინა, ამ ქალბატონის ღვაწლმა და ერის წინაშე დამსახურებამ გადაგვაწყვეტინა. საზოგადოების წინსვლის ერთ-ერთ წინაპირობად ის საფუძვლიანი სწავლა-განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და ამით სწავლა-განათლების საყოველთაოდ მიღების უზრუნველყოფას მიიჩნევდა. "ანასტასიას" 2010 წლის ნომინანტები იყვნენ ლექსო ხუბულავა (jobs.ge) და ფონდი "ტასო".

ჩანართი გამოიცემა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით

რიტა ბაინდურაშვილი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო