ანდრაგოგთა საზაფხულო სკოლა - 2011
19 ივლისი, 2011
1731
print

საზაფხულო რეგიონალური სკოლების ჩატარების ტრადიციას dvv international -ის საქმიანობაში უკვე კარგა ხანია გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება და ყოველწლიურად მის მიმართ მონაწილეთა ინტერესიც საკმაოდ იზრდება, ეს წლევანდელმა შეხვედრამ ბორჯომში კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თუმცა, მოდით, სანამ ზაფხულის ამ ერთ კვირაზე გიამბობდეთ, ჯერ ცოტა რამ თავად ანდრაგოგიკაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონალური საზაფხულო სკოლების ტრადიციაზე ვთქვათ, რადგან მას უკვე რამდენიმე წლის ისტორია აქვს. "ანდრა" ბერძნული სიტყვაა და ზრდასრულ მამაკაცს ნიშნავს, "გოგიკა"- გაძღოლა, წარმართვას, ხოლო ერთობლიობაში ეს გახლავთ საზოგადოებრივი მეცნიერების დარგი, რომელიც ზრდასრულთა განათლების არსს შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთა განათლებას ევროპაშიც და საქართველოშიც არსებობის საუკუნოვანი პრაქტიკა აქვს, ამ დარგის თეორიაზე და მის განვითარებაზე მუშაობა ბოლო ათწლეულების პრეროგატივაა მხოლოდ და სპეციალისტებიც მისი მეთოდოლოგიის შემუშავება-დახვეწას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ახლა უთმობენ. საზაფხულო სკოლის სწავლების აღნიშნული ფორმაც სწორედ ამ მეთოდების სრულყოფა -განახლებას და ანდრაგოგიკის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

- ეს არ გახლავთ სწავლება ანდრაგოგიკაში დამწყებთათვის ან მოხალისეთათვის, რომლებიც თემით ახლა დაინტერესდნენ. არამედ ეს არის ზრდასრულთა განათლების სფეროს უკვე გამოცდილი სპეციალისტების, ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი, რომელიც ძირითად მიზანთან ერთად მეზობელი ქვეყნების ანდრაგოგებთან დაახლოებას, გამოცდილებათა გაზიარებას ემსახურება - გვითხრა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv international-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილემ ლიკა კაციტაძემ. პირველი საზაფხულო აკადემია dvv international -მა სოროსის ფონდის თანადაფინანსებით 2006 წელს ჩაატარა ჩაქვში და მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ზრდასრულთა განათლების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, ტრენერებად კი გერმანიისა და ბალტიისპირეტის ქვეყნების ექსპერტები იყვნენ მიწვეული. გამოცდილებათა გაზიარებისა და შეჯერების შედეგად გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა პრაქტიკოსი-ანდრაგოგის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პირების (პედაგოგების, ფსიქოლოგების, ისტორიკოსების, ფილოლოგების და სხვ.) გადამზადებისათვის. სამომავლოდ კი განზრახული გვაქვს სპეციალური აკადემიური პროგრამის შექმნა ანდრაგოგიკაში და მისი დანერგვა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ხომ ანდრაგოგიკა, როგორც მეცნიერების ცალკე დისციპლინა, უკვე დიდი ხანია ისწავლება უნივერსიტეტებში. ორი წლის განმავლობაში საზაფხულო სკოლების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე 2007 წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პრაქტიკოსი-ანდრაგოგის ექვსი მოდულისაგან შემდგარი 60 საათიანი საგანმანათლებლო პროგრამა. საპილოტე კურსი ანდრაგოგიკაში პირველად პროფესიული ცენტრების მასწავლებლებისათვის ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და ქობულეთში. პროგრამამ საკმაო მოწონება დაიმსახურა და ძალიან პრაქტიკულიც აღმოჩნდა პროფესიულ სწავლებაში სიახლეების დასანერგად. პროგრამის პილოტირების პერიოდში სისტემატიურად ხდებოდა მისი შემდგომი კორექტირება და დახვეწა. 2008 წელის ზაფხულში ჩვენს მიერ შემუშავებული პრაქტიკოსი-ანდრაგოგის საგანმანათლებლო კურსი ბალტიისპირელი და კავკასიელი კოლეგების სამსჯავროზე გავიტანეთ. კმაყოფილებით უნდა ავღნიშნოთ, რომ კურსმა სპეციალისტთა და აკადემიის მონაწილეთა საერთო მოწონება დაიმსახურა და მოგვიანებით იგი ნაბეჭდი სახითაც გამოიცა. მომავალში ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში ზრდასრულთა განათლების სპეციალისტების მომზადების ხარისხის ამაღლებას.

რაც შეეხება წლევანდელ საზაფხულო სკოლას, იგი 1-6 ივლისს ჩავატარეთ ბორჯომში და მასში აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ახლადდაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების თანამშრომელთა გარდა dvv international - ის უკრაინის, მოლდოვის და ბელორუსიის ფილიალების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენი მხრიდან მას dvv international - ის საქართველოს ფილიალის მიერ დაარსებული ჯვარის, სენაკის, კოდასა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების ხელმძღვანელები და პედაგოგ-ტრენერები ესწრებოდნენ. ამდენად სამუშაო თემაც შესაბამისი გახლდათ: ზრდასრულთა განათლების მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდები, პერსონალის მოტივაცია, ზრდასრულთა განათლების სისტემის ადვოკატირება, ზრდასრულთა განათლების როლი თემის განვითარებაში. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების თემები დილის და საღამოს სესიებზე მუდმივად იცვლებოდა, დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი დავალებებით და პრეზენტაციებით. ახალდაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების თანამშრომლებმა ბევრი გამოყენებითი ხასიათის ინფორმაცია მიიღეს და ის უნარ-ჩვევები შეიძინეს, რომლის გამოყენება უთუოდ გაამდიდრებს მათ მოღვაწეობას ზრდასრულთა განათლების სფეროში. ხშირი იყო სახალისო კონკურსები და შეჯიბრებები, რომლებშიც, როგორც წესი, ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებდა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და სახალისო გახლდათ სწავლების თვალსაზრისითაც და სანახაობრივადაც. ამიტომ მადლობა არა მხოლოდ ჩვენი სტუმარი კოლეგებისაგან, არამედ სასტურო "ბორჯომის ხეობის" ადმინისტრაციისგანაც დავიმსახურეთ. სასტუმროს პერსონალი ინტერესით აკვირდებოდა ჩვენს მეცადინეობებს და მათთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ზრდასრულთა განათლების თემატიკა! მეცადინეობების გარდა გვქონდა კულტურული პროგრამა გასართობი საღამოებითა და ექსკურსიებით. ასე, რომ წლევანდელი ზაფხულიც ტრადიციულად თითოეული მონაწილისათვის ძალზე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა საზაფხულო რეგიონალური სკოლების მნიშვნელობა დარგისა და ურთიერთანამშრომლობის განვითარებაში.

რიტა ბაინდურაშვილი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო