მერიის ახალი ინიციატივა სამშენებლო ბაზარს სტაბილურს გახდის
29 სექტემბერი, 2009
1982
print

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სამშენებლო ბაზარზე სერიოზულ პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს.

ამ მომენტისთვის კი შეიძლება ითქვას, რომ მან ქართული დეველოპერული კომპანიები და ისტორიულ უბნებში მცხოვრები საზოგადოება უკვე გამოაცოცხლა.

ახალი პროექტი მერიამ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ქალაქის ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული საბინაო ფონდის გასაუმჯობესებლად ივნისის თვეში წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანიები მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან და ბანკებთან აწარმოებენ. თანხმობის შემთხვევაში დეველოპერები მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალ სახლებში გადასვლას სთავაზობენ.

პროექტში მონაწილეობისათვის მერიაში წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25 სექტემბერს ამოიწურა. პროცესში ჩართვის სურვილი თითქმის ყველა იმ დეველოპერულმა კომპანიამ გამოთქვა, რომლებიც დღეისათვის საქართველოში ოპერირებენ, სულ კონკურსში მონაწილეობას 13 სამშენებლო კომპანია იღებს. ესენია: შპს "ეუბე ჯორჯია"; შპს "ჯორჯიან ჰაუზი"; ამხანაგობა "მარსი"; ამხანაგობა "ვაკე პალასი"; ს.ს "პარაპლეისი"; ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"; აკადემქალაქი და ოქროს კვეთი; ამხანაგობა "აქსისი პალასი"; შპს "ტიფლის საბურთალო"; შპს "ნიკე"; შპს "ორთაჭალის ტურფა"; შპს "არსი ავლაბარი" და "არსი". სულ კომპანიებმა 26 ლოტზე გააკეთეს განაცხადი.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ნებაყოფლობითია. თუკი რომელიმე სამშენებლო კომპანიის პირობები არ დააკმაყოფილებთ, თბილისისის ტორიულ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, თუმცა თანხმობის შემთხვევაში ისინი ახალ საცხოვრებელ სახლებში გადასვლამდე ძველ სახლებზე საკუთრების უფლებას სრულად ინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა დეველოპერებისგან ზუსტად იმდენ კვადრატულ მეტრ ფართს მიიღებს, რამდენსაც ისინი დედაქალაქის ისტორიულ უბანში ფლობენ. მათთან დეველოპერები მოლაპარაკებას უკვე 3 თვეა აწარმოებენ, ამავდროულად კი ისინი შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან ახორციელებდნენ. დეველოპერებს ბანკთან გარანტად სესხის გაცემაზე სახელმწიფო უდგება, რაც რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ანუ კონკურსში კონკრეტული კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, იმ ტერიტორიის ღირებულებას, სადაც მათ მოსახლეობასთან შეთანხმებას მიაღწიეს, სახელმწიფო გადაიხდის. "ჩვენ ამ კონკურსში მონაწილეობისთვის ძირითადი ლოტი - "ოლიმპიური ვარსკვლავი" გავიტანეთ. მოლაპარაკებები გვქონდა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ, ასევე ფიროსმანის და გოგოლის ქუჩების მოსახლეობასთან. მათი საცხოვრებელი ფართის საერთო რაოდენობა 4200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს არის 50-მდე ოჯახი. კონკურსში მონაწილეობისთვის ჩვენგან შევიდა ორი ლოტი - ერთი განაცხადით, კვადრატული მეტრის ღირებულება 999 აშშ დოლარი, მეორეს მიხედვით - 1170. რა თქმა უნდა, გვაქვს წარმატების იმედი... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ბანკს, რომელიც ბოლომდე გამოგვყვა და გვერდში დაგვიდგა... რაც შეეხება პროექტს "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", ეს არის თბილისის მერიისა და დეველოპერების საერთო პროექტი და ვფიქრობ, რომ მერიის მხარდაჭერა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბანკი დეველოპერებთან თანამშრომლობაზე წამოვიდა... ჩვენს სექტორში იყო, ასე ვთქვათ, გამყინვარების პერიოდი, რომელიც 8 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ახალი ინიციატივა ამ ყინულს აუცილებლად გაალღობს და სამშენებლო სექტორში ამჟამად არსებული მდგომარეობა ადგილიდან დაიძვრება. პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტს თავისი ინტერესი აქვს და ყველა მოგებულია. ეს არის იდეალური ვარიანტი, რაც შეიძლება ამ სექტორის წასახალისებლად დღევანდელ სიტუაციაში გაკეთდეს," - განაცხადა "24 საათთან საუბრისას "ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტმა ზაზა რაზიკაშვილმა.

"მთავარი პრობლემა იყო ის, რომ პოლიტიკური რყევების, აგვისტოს მოვლენებისა და მსოფლიო კრიზისის ფონზე, მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი ბინების გაიაფებასთან დაკავშირებით და ამის გამო უძრავ ქონებას არ ყიდულობდნენ, რამაც სამშენებლო კომპანიებს სერიოზული დარტყმა მოგვაყენა. მერიის ახალი პროექტი კი ამ ბაზარს დაასტაბილურებს... ამ პროექტში მონაწილეობისათვის 10 ათას კვადრატულ მეტრზე გავაკეთეთ განაცხადი, რაც ასამდე ოჯახს შეადგენს. ეს მოიცავს საკმაოდ ბევრ უბანს: ავლაბარს, ოქროს უბანს, ხარფუხს და ა.შ. საერთო ჯამში ჩვენი კომპანია 45 ათას კვადრატულ მეტრზე იყო მოლაპარაკებული მოსახლეობასთან, მაგრამ დღეისათვის მათთან ნოტარიალურად 17 ათასი კვადრატულ მეტრზე გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, დანარჩენი კი იმის გამო შეფერხდა, რომ მოსახლეობას საკუთრებასთან დაკავშირებით იურიდიული პრობლემა აქვს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა... ჩვენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მერიაში სამი ლოტი შევიტანეთ. ფასს რაც შეეხება, ის კვადრატულ მეტრზე 900 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე სესხის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას "საქართველოს ბანკთან" და "თიბისი ბანკთან" მივაღწიეთ. საპროცენტო განაკვეთი სტანდარტულია - წლიური 18 პროცენტი," - აღნიშნა "არსისის" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ.

როგორც თბილისის მერიაში და დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, პროექტი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. "ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით, ვინაიდან ეს არის მეტად ორიგინალური და, ამავდროულად, საქმიანი პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ისტორიული უბნების რეაბილიტაციასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს. ყველა მოუთმენლად ველოდით, თუ რა მოცულობის პროექტები იქნებოდა წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ეტაპისთვის შედეგი იდეალურია," - განაცხადა დეველოპერებთან შეხვედრისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

თბილისის მერიაში სპეციალური კომისია უკვე შექმნილია, რომელსაც ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ხელმძღვანელობს. კომისია მენაშენეთა მიერ წარმოდგენილ წინადადებებს განიხილავს და გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. ეს ყველაფერი კი საბუთების მიღების დასრულების შემდეგ მოხდება. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, გამარჯვებულთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, შესაძლოა გამარჯვებული ცამეტივე კომპანია იყოს. "სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ მოველოდით პროექტში სამშენებლო კომპანიებისა და ბანკების ასე ფართო მონაწილეობას. სამშენებლო კომპანიების მხრიდან განაცხადი 26 ლოტზე გაკეთდა, რაც ძველი თბილისის რაიონის ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს... თვითონ კომისიის საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია. ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული განაცხადის როგორც ტექნიკური, და ეს არის საკმაოდ მოცულობითი მასალა, ასევე ფინანსური მხარე. ამას რამდენიმე დღე დასჭირდება. უპირატესობა იმ პროექტს მიენიჭება, სადაც დაბალი ფასი იქნება და, ამასთანავე, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს," - ამბობს თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი.

სხვა სიახლეები
03 სექტემბერი, 2010 ვენეციის არქიტექტურის ბიენალე 2010
23 სექტემბერი, 2009 სამშენებლო ბაზრის 10 პროცენტი გაცოცხლდა
14 სექტემბერი, 2009 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის მესამე პროექტი